მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან თანხების მითვისების ფაქტზე დაკავებულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბრალდებულები თამარ ფხოველიშვილი, ზურაბ ნუცუბიძე და ნათია ნავროზაშვილი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. თამარ ფხოველიშვილს და ზურაბ ნუცუბიძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ნათია ნავროზაშვილს სასჯელის სახით დაენიშნა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ოთხი წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

დასახელებულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები 14 ტომად, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ ორგანიზებული ჯგუფის წევრების – „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თამარ ფხოველიშვილის, მისი მეუღლის ზურაბ ნუცუბიძის და ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს უფროსის ნათია ნავროზაშვილის მიერ კომპანიის კუთვნილი 2 289 752 ლარის უკანონო მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
საქმის განხილვის პროცესში დაიკითხა ბრალდების მხარის 91 მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები მათ შორის 7 ფინანსური რევიზიის დასკვნა, რომელთა ანალიზით უტყუარად დადგინდა, რომ 2013 წლის დასაწყისში თამარ ფხოველიშვილმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით მეუღლე ზურაბ ნუცუბიძესთან და ნათია ნავროზაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ საკუთარ თავზე და ახლობლებზე ფიქტიურად დარეგისტრირებულ ფირმის ანგარიშებს. ამასთან, ნათია ნავროზაშვილს, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ეკონტროლებინა, რომ უკანონოდ გადარიცხული თანხების ამსახველი საბანკო ამონაწერები არ მოხვედრილიყო სხვა ბუღალტრების ხელში და ჯგუფის დანაშაულებრივი გეგმა არ გამჟღავნებულიყო კომპანიაში.
თამარ ფხოველიშვილმა, ნათია ნავროზაშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საბანკო ანგარიშიდან ზ.ნუცუბიძის მიერ დაფუძნებული ფიქტიურ კომპანიების შპს „ქართული ბრენდის“, შპს „ალტგრუპის“, შპს „ბიარტი+“-ის და თამარ ფხოველიშვილის პირად საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში უკანონოდ გადარიცხეს 2 289 752 ლარი და დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვისა და კვალის დაფარვის მიზნით ანგარიშსწორების დანიშნულებაში მიუთითეს არარსებული ხელშეკრულებების ნომრები, თითქოსდა ეს თანხები გადარიცხული იქნა გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ მითვისებული თანხები სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხეს სხვადასხვა პირებისა და ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე, რის შემდგომაც თანხა ისევ მათ დაუბრუნდათ. ხსენებული საბანკო ოპერაციების განხორციელების გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოახერხეს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან“ მითვისებული თანხის ნამდვილი ბუნების და წარმოშობის წყაროს დამალვა და შენიღბვა, რის შედეგადაც მოახდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 2 271 308 ლარის უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია.
თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ უკანონოდ მიღებული შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემის შემდგომ, მითვისებული თანხით შეიძინეს და ფლობდნენ სხვადასხვა უძრავ-მოძრავ ქონებას, კერძოდ: 2014 წლის 20 აგვისტოს თამარ ფხოველიშვილმა შეიძინა ბინა, (ქ.თბილისი, ს.ცინცაძის ქუჩა #58, ბინა #98 136.96 კვ.მ.), რომელიც 2015 წლის 09 თებერვალს ქონების გადამალვის მიზნით ფიქტიურად გადაუფორმა ელენე ქორაიას; 2014 წლის 10 ივლისს შეიძინა ავტომანქანა „MINI COOPER” , რომელიც ასევე გადამალვის მიზნით 2015 წლის 18 იანვარს გადაუფორმა მის შვილს – თეიმურაზ კობალაძეს. ხოლო 2014 წლის 22 ივლისს ზურაბ ნუცუბიძემ შეიძინა ავტომანქანა „MERCEDES BENZ”, რომელიც გააფორმა მისი მეგობრის – მიხეილ მიგრიაულის სახელზე.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სახით დაიკითხა ნათია ნავროზაშვილი, რომელმაც თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ბრალდებულმა თამარ ფხოველიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ წყალმომარაგების კომპანიის თანხების მითვისებას ახდენდა იმდროინდელი კომპანიის დირექტორის არჩილ ცაბუტაშვილის დანაშაულებრივი სქემით და მისი დავალებით, მას როგორც დანაშაულის უშუალო ამსრულებელს მითვისებული თანხის 20%-ს უხდიდა ეს უკანასკნელი.
დასახელებულ საქმეზე ბრალდების მხარის მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მოპოვებული არცერთი მტკიცებულება გარდა ბრალდებულ თამარ ფხოველიშვილის განთქმითი ჩვენებისა არ მიუთითებს არჩილ ცაბუტაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობას ზემოთაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საწინააღმდეგო, კერძოდ – დოკუმენტური მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ თამარ ფხოველიშვილის და მისი მეუღლის მიერ მითვისებული თანხიდან გახარჯულმა თანხამ შეადგინა 1 411 638 ლარი, კერძოდ: 31 000 ლარი გადარიცხულია ვალის გასასტუმრებლად, 25 000 ლარი გადარიცხულია ნათია ნავროზაშვილისათვის, 232 835 ლარი (135 000 აშშ დოლარი) – ბინის შესაძენად, 45 136 ლარი (26 000 აშშ დოლარი) – ავტომანქანა „MERCEDES BENZ”-ის შესაძენად, 64 246 ლარი – ავტომანქანა „MINI COOPER”-ის შესაძენად, 35 330 ლარი – ტურისტული პაკეტის შესაძენად 7 პერსონაზე (მისთვის, ოჯახის წევრებისათვის და მეგობრებისათვის), 494 253 ლარი – წაგებული აქვდ თ.ფხოველიშვილს ონლაინ კაზინოში, 483 768 ლარი კი საბანკო ანგარიშსწორებით გადარიცხულია ონლაინ მაღაზიებში, კომუნიკაციისა და კომუნალური ხარჯებისათვის, სესხის დასაფარავად. აღნიშნული ფაქტი კი არსებით წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებასთან, ვინაიდან თამარ ფხოველიშვილის მიერ გახარჯული თანხები, რაც დადსტურებულია დოკუმენტურად ბევრად აღემატება მითვისებული თანხის 20%-ს, რაც მისივე ჩვენებით წარმოადგენდა მის წილს აღნიშნული დანაშაულებრივი სქემიდან.
რაც შეეხება სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ზვიად ჯანყარაშვილის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში მოპოვებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის თვით მსჯავრდებულ თამარ ფხოველიშვილის ჩვენებით, რომლის განცხადებითაც იგი არ იცნობს ზ.ჯანყარაშვილს და მასზე მხოლოდ ის იცის, რომ ეს უკანასკნელი იყო ა.ცაბუტაშვილის ახლო მეგობარი.
ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე სხვა შესაძლო პირების დადგენა, მხილების მიზნით თამარ ფხოველიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და სხვა შესაძლო დამნაშავე პირთა დადგენის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ასევე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დოკუმენტურად დაუდგენელი მითვისებული თანხის ნაწილის შემდგომი ბედის გასარკვევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები