ხვალ ივანე ჩხარტიშვილის დაქვემდებარებული კომპანიების სასამართლო პროცესი გაიმართება
ხვალ საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილს დაქვემდებარებული კომპანიების „პრომეტკოსა“ და „ჯეესკოს“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა გაიმართება. საქმეს მოსამართლე გიორგი სულაკაძე განიხილავს. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით მოპასუხე ,,ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ უკვე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო მერე მოპასუხემ, შპს „ტრანსფორდმა“ – მთავარ პროკურატურას, რათა შესწავლილ იქნას მოსამართლის ქმედების მართლზომიერების საკითხი.
„ტრანფორდის“ ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 381 – ე მუხლის მოთხოვნა: “სრულიად კურიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც მოსამართლე გაზრახ ხელს უშლის სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ, ფოთის საქალაქო სასამართლომ სექტემბერში გამოიტანა განჩინება ორი საქმის გაერთიანების შესახებ საიდანაც ერთი ექვემდებარებოდა ფოთის სასამართლოს, მეორე თბილისის საქალაქო სასამართლოს და გაერთიანებული საქმე განსახილველად დაუქვემდებარა ფოთის საქალაქო სასამართლოს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განჩინება დამოუკიდებლად არ საჩივრდება და აღსასრულებლად სავალდებულოა, მოსამართლე სულაკაძემ განაცხადა, რომ ის არ გადააგზავნის საქმეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და საქმე კვლავ დარჩება მის დაქვემდებარებაში ანუ მოსამართლე შეგნებულად უშლის ხელს ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესრულებას საქმეთა გაერთიანების შესახებ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს“– განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლო პროცესი, ხვალ 10 ნოემბერს 11:00 საათზეა დანიშნული. მას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები დაესწრებიან.