საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარინა კალიურანდს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით და ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას. როგორც სახელმწიფო მეთაურთან შეხვედრისას მარინა კალიურანდმა აღნიშნა, ესტონეთი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომისია ოპტიმისტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მოსახლეობას ძალიან მალე შეეძლება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილება.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხიც იყო. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.