დავით უსუფაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარინა კალიურანდს შეხვდა.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ესტონელი მეგობრები, ყოველი ვიზიტისას, ქართულ მხარეს საჭირო რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევენ. თავის მხრივ, მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობა ძალიან მეგობრული და პროდუქტიულია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის პროცესს წარმატებულად ახორციელებს. „ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას“,- აღნიშნა მარინა კალიურანდმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვარაუდით, წლის ბოლოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმატებულ შედეგს უნდა ველოდოთ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია არსებითი ნაბიჯების გადადგმა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებითაც, რის პასუხადაც, მარინა კალიურანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ძლიერი და საიმედო პარტნიორია ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და ალიანსი ამას ძალიან აფასებს. მისივე შეფასებით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა „აღმოსავლეთ პარტნორობის“ ფორმატში და ამ სტატუსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, დავით უსუფაშვილთან ერთად, თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი წერეთელი და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები