წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს და მის მეუღლეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„წყალმომარაგების კომპანიის მთავარ ბუღალტერს თამარ ფხოველიშვილს და მის მეუღლეს, რომლებსაც კომპანიიდან ორნახევარი მილიონი ლარის მითვისება ბრალდებოდათ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს“, – ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.
განაჩენის თანახმად, საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს თამარ ნავროზაშვილს სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა, აქედან 2 წელი საპატიმროა, ხოლო 4 პირობითი.
განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოში დასკვნით სიტყვა წარმოთქვეს.
ყოფილმა მთავარმა ბუღალტერმა თამარ ფხოველიშვილმა კიდევ ერთხელ დაადო ღიად ხელი თაღლითური სქემის ავტორობასა და ზეწოლაში კომპანიის მაშინდელ გენერალურ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს და მის მფარველობაში ზვიად ჯანყარაშვილი დაადანაშაულა.

საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: 

“2015 წლის 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დაასრულა საქმის განხილვა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და მითვისების ფაქტებზე ბრალდებულების – თამარ ფხოველიშვილის, ნათია ნავროზაშვილის და ზურაბ ნუცუბიძის მიმართ.
საქმის მასალების თანახმად, თამარ ფხოველიშვილს 2012 წლის 21 დეკემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ერთ-ერთ ფინანსურ სამმართველოში ეკავა მაღალი თანამდებობები. 2013 წლის დასაწყისში, მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. თ. ფხოველიშვილმა ხსენებული განზრახვა გაანდო მეუღლეს- ზურაბ ნუცუბიძეს და ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს უფროსს ნათია ნავროზაშვილს. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მითვისებული თანხისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თითქოსდა გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ, სხვადასხვა ოდენობის თანხა გადარიცხეს რამდენიმე ფიქტიური ორგანიზაციის სახელზე. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მიღებული შემოსავლის- 2 271 308 ლარის ლეგალიზაცია.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ზურაბ ნუცუბიძეს ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ხოლო თამარ ფხოველიშვილისა და ნათია ნავროზაშვილს აგრეთვე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
სამივე ბრალდებულს, ასევე ბრალად ედებოდათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ე.ი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ქონების ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ღია სასამართლო სხდომებზე, ზ. ნუცუბიძემ არ ცნო, ხოლო თ. ფხოველიშვილმა ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ.
რაც შეეხება ბრალდებულ ნათია ნავროზაშვილს, მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და ბრალის აღიარების საფუძველზე ბრალდებულთან დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 2 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი ჩაითვალა პირობითად.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ წარმოდგენილია პირის ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა და შესაბამისად, თამარ ფხოველიშვილი და ზურაბ ნუცუბიძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში. მათ, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნათია ნავროზაშვილის ნაწილში 15 დღის ვადაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები