რა ცვლილებებს გეგმავს “რუსთავი 2”-ში დავით დვალი და როდის აპირებენ ტელეკომპანიაში მისვლას არხის მმართველები
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლისა და დროებითი მმართველის დავით დვალის განცხადებით, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშთან მძიმე საუბარი ჰქონდა. დავით დვალი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაზეთ “კვირის პალიტრას” ესაუბრა.
“ჩვენ შორის თავიდანვე გარკვეული იყო, რომ კომპენსაციაზე თანახმა არ ვიქნებოდი. კუთვნილი კომპანია უკანონოდ წამ¬ართვეს. ჩემი მიზანი, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენაა. ასე რომ, სხვა საკითხები ქიბარსა და ჩემ შორის არც განხილულა.
საბოლოოდ, პარიტეტული მართვა შემომთავაზეს, რაც წილების თანაბრად გაყოფასა და გადაწყვეტილების შეთანხმებულად მიღებას გულისხმობს. ბუნებრივია, ტელევიზიის მომავალ გეგმებზეც ვისაუბრეთ. ყველა ვთანხმდებით, რომ ”რუსთავი 2” ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს”,-განაცხადა დვალმა.
მისივე თქმით, ტელეკომპანიაში მისვლას მას შემდეგ აპირებენ, რაც საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის.
“გვესმის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ეტაპია და არა საბოლოო გამარჯვება. ბუნებრივია, წილებზე მხოლოდ თეორიულად ვსაუბრობდით, მფლობელები კი, ჯერ ისევ ძმები ყარამანიშვილები არიან. ქიბართან კონტაქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გავააქტიურე, რაც ”რუსთავი 2”-თან ბარიკადების აღმართვისა და ძალადობის თემამ გაიჟღერა”, – აღნიშნა დვალმა.
მისივე თქმით, “რუსთავი 2”-ის საქმე ბრძოლაა, სადაც მისი მხარე მხოლოდ მშვიდობიანად იომებს.
“ფაქტია, რომ ნიკა გვარამია და მისი ჯგუფი ”რუსთავი 2”-ს ბოლო ბასტიონად განიხილავს, ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ. ეს ბრძოლაა, სადაც ჩვენი მხარე მხოლოდ მშვიდობიანად იომებს. შევეცდები ”რუსთავი¬ 2”-ის უფლებაშეჩერებულ მფლობელებსაც შევხვდე. მოგეხსენებათ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ ფინანსურ ანგარიშებთან ურთიერთობა შეეზღუდათ, ამიტომ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში ვიმოქმედებთ”, – განაცხადა დვალმა.
როგორც დვალი ამბობს, ტელეკომპანიაში ცვლილებები ფინანსურ განყოფილებას შეეხება. გარდა ამისა, მისივე თქმით, ცვლილებები დაცვის თანამშრომლებსაც შეეხებათ, რადგან მისივე თქმით, როგორც გაირკვა, ისინი ყოფილი სპეცრაზმელები არიან.
“სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ყველაფერს მოვლენების განვითარება გვაჩვენებს”,-აღნიშნა “რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველმა.
იგი ასევე ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცახდებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცუდია, თუ ის თვლის, რომ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი სააკაშვილის სცენარით მიმდინარეობს.
“პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირია და ქვეყნის პოლიტიკური განვითარების სცენარის წერაც მას ევალება. ცუდია, თუ ის თვლის, რომ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი სააკაშვილის სცენარით მიმდინარეობს. საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა იყო და არის სამართლიანობის აღდგენა. ეს საკითხი სწორედ პოლიტიკოსებმა,¬ მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გადაჭრან. პირადად მე, მხოლოდ უფლებაშელახული ბიზნესმენი ვარ, რომელიც საკუთარი უფლებების აღდგენას ცდილობს”, – განაცხადა “კვირის პალიტრასთან” საუბრის დროს დავით დვალმა.