თინა ხიდაშელი: საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაზაშია

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომლითაც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინათინ ხიდაშელთან საუბრისას საერთაშორისო ინტერნეტპორტალი “ევრო დიალოგი XXI” დაინტერესდა. გამოცემასთან ინტერვიუში თავდაცვის მინისტრი საქართველო-აშშ-ის წარმატებული თანამშრომლობის ისტორიაზე საუბრობს და 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმების ფაქტს იხსენებს.
„შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები თავისი განვითარების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ფაზაშია. შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში და მხარს გვიჭერს, როგორც თანამშრომლობის ორმხრივ ისე, მრავალმხრივ ფორმატებში. არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე, სწორედ, აშშ-ის წარმომადგენელია. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველა პირობას ვქმნით პარტნიორებისთვის, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა შედეგზე ორიენტირებული და რელევანტური იყოს.
მზად ვართ, ბოლომდე დავრჩეთ ავღანეთში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი და მიმაჩნია, რომ სხვაგვარად, ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, წარმოუდგენელი იქნება არსებული გლობალური გამოწვევებისთვის ადეკვატური პასუხის გაცემა“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი და ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზეც საუბრობს:
„ღირსეული პარტნიორი“ – აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მტკიცე არგუმენტი და ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო არის შეერთებული შტატების სანდო, ანგარიშგასაწევი და ყველაზე უახლოესი პარტნიორი. მსგავსი წვრთნების ჩატარება მომავალ წელსაც იგეგმება“, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები