ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულში მონაწილეობს, რომელსაც “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონი 10-17 ნოემბერს ნოემბერს მასპინძლობს.
როგორც “კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, გამოფენას ორგანიზებას საქართველოს განათლების სამინისტრო უწევს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება.
“საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგამოფენო ნაწილის ფარგლებში სხვადასხვა თემატურ სტენდს სთავაზობს დამთვალიერებელს. სამეცნიერო ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ წარმოდგენილი იქნება სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მონაწილე ინოვატორების და მეცნიერების მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტები, როგორიცაა MEMOGRAM, ასევე განთავსებული იქნება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სტენდი – GeoLab. სტენდზე წარმოდგენილი იქნება დრონი, „გუგლ გლასი“ და ვირტუალური რეალობის სათვალეები – ოკულუსი, რომლებსაც დამთვალიერებელი ადგილზე დატესტავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს, როგორი იქნება საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი და რა სერვისებს შესთავაზებს ის ინოვატორებს.
“14 ნოემბერს სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადდება მიკროელექტრონიკისა და პროგრამირების კუთხე. აქ შესაძლებლობა იქნება, ინსტრუქტორის დახმარებით პირველადი ცოდნა მიიღოთ მიკროელექტრონიკის და რობოტოტექნიკის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები