კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს
პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით,ათონელის რეზიდენციის ბედი მთავრობის წევრების გადასაწყვეტია.
„დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გავეცით ოფიციალური წერილობითი პასუხი ამ საკითხზე – პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს. ეს არის ოფიციალური პასუხი, ეს მიდგომა არ შეცვლილა. შესაბამისად, ადრესატები არიან მთავრობის წევრები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ ათონელის რეზიდენციის ბედი, ეს საკითხი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მათ უნდა დაუსვათ კითხვა, თუ რას უპირბენ ათონელის რეზიდენციას“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ათონელზე მდებარე რეზიდენციის არსებული სახით შენარჩუნების მიზნით, მთავრობას ყოველთვიურად ფულის დახარჯვა უწევს.
მისი თქმით, ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული.
“ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, რომ შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია მე დავამატო და დავამატო გულისტკივილით არის ის, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი, დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.