ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაყენებული შუამდგომლობა გაითხოვეს. საქმე ეხება „ფოთის წისქვილკომბინატის“ (წისქვილქარხანა) მესაკუთრეობაზე მიდმინარე დავას.
ვანო ჩხარტიშვილი „ფოთის წისქვილკომბინატის“ მესაკუთრეობას „თი-ბი-სი ბანკს“, შპს „პორტლენდს“, შპს „ტრანსფორდის“ “ და შპს „აგრიკომს“ ედავება. ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის უკან დაბრუნებას და ანაზღაურებას ითხოვს. ანუ იმ თანხას, რაც შესაძლოა, მოგების სახით მიეღო „წისქვილქარხნის“ ფუნქციონირებისგან, ქარხანა მის საკუთრებაში რომ დარჩენილიყო, სულ საუბარია 32 მილიონ დოლარზე.
მოსამართლე გიორგი სულაკაძემ 2015 წლის 14 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც აუქციონის შედეგები და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო. როგორც “კვირას“ შპს „პორტლენდის“, და კომპანია „ტრანსფორდის“ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, პროცესი დღეს იყო ჩანიშნული, თუმცა ის მოსამართლემ 25 ნოემბრისთვის გადადო.
“დღევანდელი პროცესი საკმაოდ ხანმოკლე იყო, შუამდგომლობის დაყენება არ მომხდარა,ივანე ჩხარტიშვილის მხარემ გაითხოვა თავისი შუამდგომლობა დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ, მოსამართლემ პროცესი 25 ნოემბრისთვის გადადო, ფინანსურ ნაწილში გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ 25 ნოემბერს გამოცხადდება“,- განუცხადა “კვირას“ სოსო ბარათაშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დავას ჩხარტიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიების: „ჯეესკოს“ და „პრომეტკოს“ სარჩელს, კომპანია „ტრანსფორდის“ და ფოთის საზღვაო ნავსადგურის წინააღმდეგ, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ არის ჩანიშნული.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კომპანია “ტრანსფორდმა” საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის მართლზომიერი ქმედების შესწავლის მიზნით მიმართა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, მოსამართლემ უხეშად დაარღვია კანონი, ნაცვლად იმისა, რომ საქმე დაქვემდებარებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებას საქმეთა გაერთიანების შესახებ და საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, მოსამართლე კვლავ აგრძელებს საქმის განხილვას, რომელსაც ნომერიც არ გააჩნია. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი აცხადებენ, რომ მოსამართლის მხრიდან ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კომპანიის დირექტორის აპოლონ ბჟალავას განცხადებით, ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეისწავლონ “მოსამართლე გიორგი სულაკაძის არაკანონიერი ქმედება და მიიღონ შესაბამისი ზომები”.