მეჭიაური ასლიზე: თავხედდებიან ბარკლებით გამდიდრებული ბიზნესმენები და პარლამენტის წევრს შეურაცხყოფას აყენებენ
ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ ფეისბუქში პარლამენტის წევრის თამაზ მეჭიაურის შესახებ დაწერილ სტატუსს, თამაზ მეჭიაური „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. მეჭიაურის განცხადებით, ბარკლებით გამდიდრებულმა წინა ხელისუფლების დროს წახალისებულმა ბიზნესმენმა მას შეურაცხყოფა წინა სახელისუფლებო გუნდთან წინააღმდეგობის გამო მიაყენა.
„ როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ასე უხეშად ერევა, ეს გაგრძელებაა იმისა, რომ ზოგიერთ გათამამებულს საქართველო მეათეხარისხოვან ქვეყნად მიაჩნია, თავხედდებიან ბარკლებით გამდიდრებული ბიზნესმენები, რომლებიც, წინა ხელისუფლების მიერ იყვნენ წახალისებულნი, აძლევენ თავს უფლებას, გააკეთონ ასეთი განცხადებები და შეურაცხყოფა მიაყენონ პარლამენტის წევრს.
დამისახელეთ რომელიმე ქვეყანა, სადაც რომელიმე ქართველი ბიზნესმენი ამის უფლებას მისცემდა თავის თავს და ის დაუსჯელი დარჩებოდა. მე ვარ იმ გუნდის მოწინააღმდეგე, ვისზეც ის აფანატებს, ვისი მფარველობითაც გამოირჩეოდა ის და ამის გამო თავის ჭკუით შეურახყოფა მომაყენა“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ მეჭიაურის შესახებ სტატუსი დაწერა: „თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: „სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო“,- წერს ფადი ასლი.