ქუმსიშვილი რუსულ კლიპზე – “არავითარ შემთხვევაში არ მივესალმებით იმას, რომ საქართველო არის რუსეთი”

საქართველოში კლიპის გადაღებას მივესალმებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივესალმებით იმას, რომ “საქართველო არის რუსეთი“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსული მობილური ოპერატორის MTC-ის სარეკლამო რგოლს, რომელიც თბილისშია გადაღებული.
მინისტრის ინფორმაციით, სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით ნებართვა გაცემული არ ყოფილა.
“ამასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან არანაირი ნებართვა არ გაცემულა. საქართველოში კლიპის გადაღებასაც მივესალმები, ფილმის გადაღებასაც მივესალმებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივესალმებით იმას, რომ “საქართველო არის რუსეთი“, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დღეს არის ოკუპირებული და ეს ყველანაირად მიუღებელია“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
თბილისი რუსეთი არ არის!“ – ასე ეხმაურებიან ქართველი ინტერნეტმომხმარებლები რუსულ ტელევიზიებსა და ინტერნეტში გავრცელებულ ახალ რეკლამას. ქართველების დიდი ნაწილის უკმაყოფილება, რუსული მობილური ოპერატორი MTC-ის ახალმა სარეკლამო რგოლმა გამოიწვია, რომელიც თბილისშია გადაღებული. ვიდეო-რგოლი მობილური ტელეფონის ხმის HD ხარისხს ეხება, რომელიც ხმის მოსმენის მაღალ ხარისხს განაპირობებს როგორც გარშემო ხმაურის პირობებში, ისე ხმამაღალი, ხმადაბალი თუ სტვენის დროსაც კი. „ხმა HD ხარისხში მთელი რუსეთის მასშტაბით. MTC – შენ იცი, რაც შეგიძლია!“ – ეს ვიდეო რგოლის სლოგანია.
თბილისის ქუჩებში გადაღებული რუსული რეკლამა, ბევრი ქართველისათვის უსიამოვნო და მიუღებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები