მანანა კობახიძე: „რუსთავი 2“-მა შეცდომაში შეიყვანა ჩვენი პარტნიორები
იყო გარკვეული უზუსტობები, თქვენ ნახეთ, როგორ შეიყვანა „რუსთავი 2“-მა შეცდომაში ყველა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ სტუმრობისას განაცხადა, „რუსთავი 2“-მა კარგად იცის პიარი და ეს კარგად გამოიყენეს.
იყო გარკვეული უზუსტობები, თქვენ ნახეთ, როგორ შეიყვანა „რუსთავი 2“-მა შეცდომაში ყველა. სამწუხაროა, რომ საელჩოებმა ვერ მიირეს სწორი ინფორმაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე განცხადების გაკეთებას გადაწყვეტენ, აუცილებლად მიიღებენ ინფორმაციას ყველა მხარისგან და თუნდაც, ხელისუფლების პოზიციას გაეცნობიან ან სასამართლოდან მიიღებენ მეტ ინფორმაციას, ვინაიდან ის ტყუილი, რაც გაავრცელა „რუსთავი 2“-მა ე.წ. ღამის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ძალიან მალე გაცხადდა, რომ ტყუილი იყო.
ის ისტერიკა, რაც ატეხეს მათ პირდაპირ ეთერში ღამის საათებში, პრაქტიკულად, გადაედო თითქოს ჩვენს პარტნიორებს. ძალიან ვწუხვარ, რომ შეცდომაში არიან შეყვანილი. მე ძალიან გამიკვირდა ჩვენი უმრავლესობის ლიდერისგან, როდესაც მან ეს კრიტიკულად შეფასა და შემდეგ მან ძალიან მალე ბოდიში მოიხადა ფაქტობრივი შეცდომის გამო, ისევე როგორც შეცდომაში შევიდა დავით ბერძენიშვილი.
„რუსთავი 2“ საკუთარი თავის პიარს ძალიან კარგად ახერხებს და კარგად ესმით, რა იქნება უფრო მიმზიდველი საზოგადოებისთვის. ღამით ჩართეს პირდაპირი ეთერი და თქვენც დაგაბარალეს, რატომ არ აშუქებდით ამ ყველაფერს, რატომ არ აჩვენებდა ამას ყველა ტელევიზია პირდაპირ ეთერში და თურმე, ღამე ქვეყანა ინგრევა. ეს ფონი შექმნეს და ამ ფონზე სამწუხაროდ, შეცდომაში შეიყვანეს ჩვენი პარტნიორები“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.