ნინო გვენეტაძე მოსამართლე ურთმელიძეს, სავარაუდოდ, ორშაბათს შეხვდება
ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ელოდებიან. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ესმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და შეეცდება, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
“ჩვენ ორშაბათს გვექნება სხდომა და იმ ნაწილში, სადაც ინფორმაციულად მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვები გაჩნდა, ჩვენ მივცემთ ინფორმაციას საზოგადოებას. სხვა მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ მე კომენტარს და განცხადებას ვერ გავაკეთებ, შევეცდებით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ და ასევე, უზრუნველვყოთ მოსამართლის მაღალი ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიები ამ პროცესში”, – განმარტა გვენეტაძემ.
გვენეტაძე იმედოვნებს, რომ თამაზ ურთმელიძე დაესწრება ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრას, რათა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა მოხდეს.
“განცხადების გაკეთების შემდეგ, ბატონმა თამაზმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და ვიმედოვნებთ, რომ ის ორშაბათს იქნება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე,” – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.