არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყარო“ ბოულინგში მინი-ტურნირს გამართავს
კვირას, 8 ნოემბერს, 16 საათზე, („გლდანი პლაზა“, მე-3 სართული) გასართობ ცენტრ „მაქსილენდში“, კამპანიის „დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობის სამყარო“ გამართავს მინი-ტურნირს ბოულინგში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, სპორტსმენები და ჟურნალისტები.
“ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ეხება საზოგადოების ლამის ყველა სფეროს. თუმცა, ამ ფონზე, ნარკოდამოკიდებული ადამიანები აღიქმებიან კრიმინალებად, სახელმწიფო მათ არ მკურნალობს, დასჯა კი შედეგს არ იძლევა – საპატიმროდან გამოსული ადამიანი დამოკიდებულებისგან ვერ თავისუფლდება. ამასთანავე, ირკვევა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს არანაირი ინფორმაცია ნარკოდამოკიდებული ადამიანების პრობლემებსა და, ზოგადად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე.
„ტოლერანტობის სამყაროს“ კამპანიის მიზანია ამ თემაზე საზოგადოებაში დისკუსიის სტიმულირება და, ზოგადად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებაში დამოკიდებულების შეცვლის ხელშეწყობა, რათა ისინი არ აღიქმებოდნენ დამნაშავეებად.
ბოულინგის ტურნირის ფორმატის მეშვეობით, ჩვენ შევქმნით არაფორმალურ სივრცეს, სადაც შეიკრიბებიან საქართველოში ნარკოპოლიტიკისა და, ზოგადად, ნარკოტიკების პრობლემაზე მომუშავე აქტორები“,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
®