კახა კახიშვილი: ჩემი კაბინეტისთვის არცერთი თეთრის „დივან-კრესლო“ არ მიყიდია

ჩემი კაბინეტისთვის არცერთი თეთრის „დივან-კრესლო“ არ მიყიდია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც კახიშვილს პირადი კაბინეტის სავარძლებისთვის ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული.
მინისტრის თქმით, ის სააგენტო “ედიტორ.ჯი”-ს აღნიშნული ინფორმაციის გავრცლების გამო სასამართლოში უჩივლებს.
კახიშვილის თქმით, მას აქვს მასალები იმისა, თუ როგორ შეიძინა ყოფილი ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ერთი დღის განმავლობაში 12 მილიონი ლარის ავტომობილები.
“თუ ძალიან უნდა “ნაციონალურ მოძრაობას”, შემიძლია გამოვაქვეყნო, რამდენიმე მილიონის ქონება ჰქონდა ნაყიდი კაბინეტებისთვის წინა ხელისუფლებას და ამის მასალები გვაქვს. ჩემი მაგიდაც არის წინა მთავრობის დროს ნაყიდი, რომელშიც დახარჯულია 11 000 ლარზე მეტი და რომ ვუყურებ, ვფიქრობ, თუ რა აქვს ამ ფასის, მაგრამ ვერ ვხდები. ასე, რომ ძალიან კარგად დაფიქრდნენ, სანამ რაიმე განცხადებას გააკეთებენ.
არავის შევარჩენ ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საბიუჯეტო თანხების გაფრთხილებისთვის და ამ დროს თურმე 500 000-ლარიან „დივან-კრესლოებზეა“ საუბარი, როდესაც ერთი თეთრის არ ყოფილა დახარჯული ჩემი კაბინეტისთვის, მათ შორის არც ჩემი წინამორბედების მიერ. აუცილებლად შევიტან სარჩელს სასამართლოში, მოვითხოვ ბოდიშის მოხდას, თანხის პატიმრების ფონდში გადარიცხვას მორალური ზიანისთვის და ამავდროულად ფეისბუქზე იმდენივე ბოდიშის გაზიარების უზრუნველყოფას, რამდენიც ამ ინფორმაციას აქვს”, – განაცხადა კახიშვილმა. მისივე თქმით, ინვენტარის ყიდვა მოხდა ორთაჭალაში ახალი შენობისთვის და არა მისი პირადი კაბინეტისთვის.
“ის, რაც იყო ნაყიდი, იყო ნაყიდი მაშინ, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაცია გამოცხადდა და ორთაჭალაში ახალი შენობა გაიხსნა, რომელშიც 5 ხუთი დეპარტამენტი განთავსდა. ამისთვის შევიძინეთ ჩვეულებრივი სკამები და საოფისე ინვენტარი ჩვენი თანამშრომლებისთვის”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები