დავით უსუფაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იუე ბინთან მისი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილმა გაიხსენა მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტი და აღნიშნა, რომ მთელი დელეგაცია შთაბეჭდილებების ქვეშაა იმ ყურადღების გამო, რაც საქართველომ ჩინეთის უმაღლესი ლიდერების მხრიდან მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დიდწილად ელჩის და საქართველოში ჩინეთის საელჩოს თანამშრომლების დამსახურებაა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს ურთიერთობები ყველა დონეზე გაგრძელდეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იუე ბინმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფუნდამენტი ძალიან მყარია, თანამშრომლობა ჩქარი ტემპებით ვითარდება და ასევე გაგრძელდება.
შეხვედრაზე საუბარის შეეხო ასევე აბრეშუმის გზის ინიციატივას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც „ერთი სარტყელი –ე რთი გზის“ ინიციატივაში მონაწილეობენ, პოტენციურად ძალიან წარმატებული გზის დასაწყისში დგანან და საქართველო ამ პროექტის აქტიური წევრი იქნება, რაც ოქტომბრის თვეში, თბილისში გამართულმა „აბრეშუმის გზის ფორუმმა“ და პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტისას აზიური პოლიტიკური პარტიების კონფერენციაზე დასწრებამაც დაადასტურა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს პროდუქტიული და წარმატებული მუშაობისათვის და მის მომდევნო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, იუე ბინმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტს, საჩუქრად 50 პერსონალური კომპიუტერი გადმოეცა, როგორც ეს მიმიდნარე წლის ივნისში, ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ჩენგ ჩანგჭის საქართველოში ვიზიტის დროს იყო გაცხადებული.