ქუთაისში ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ გაიხსნა
ქუთაისში, პირველად “ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” რეგიონალური ოფისი გაიხსნა. რეგიონულ წარმომადგენლობას თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს.
პარტიაში განმარტავენ, რომ პარტიის ასეთი სახელი იმიტომ შეარჩიეს, რომ გირჩი მწვანესთან და სიახლესთან ასოცირდება.
“ახალი პოლიტიკური ცენტრის” ხელმძღვანელებმა დღეს მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
“პარტიის მიზანია შექმნას ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრი, მოიზიდოს და პოლიტიკურ პროცესში ჩართოს პროფესიონალები. ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას; ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი; სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს – რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო 1 წლის განმავლობაში; მედიამხარდაჭერას; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას”, – აცხადებენ ცენტრის ხელმძღვანელები.