ლია ჯახველაძემ ვაკის რაიონში, წყნეთის ხევის ტერიტორია დაათვალიერა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ, ამავე კომისიის სამდივნოს უფროსმა მამუკა ბალიაშვილმა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრმა გარი აურუსტმა ვაკის რაიონში, წყნეთის ხევის ტერიტორია დაათვალიერეს.
ლია ჯახველაძის განცხადებით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია თბილისში ერთ-ერთი ქუჩისათვის გერმანელი არქიტექტორის, ლეოპოლდ ბილფელდის სახელის მინიჭების ინიციატივას განიხილავს.
„გერმანელი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე პიროვნება იყო, რომელმაც ქაშუეთის ეკლესია,ლიკანის მეფისნაცვლის სასახლე და აღმაშენებლის პროსპექტზე მდებარე ვენეციელის სასტუმრო დააპროექტა. ამიტომ ვფიქრობთ, წყნეთის ხევის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს ამ ღვაწლმოსილი არქიტექტორის სახელს უნდა ატარებდეს“,- განაცხადა ლია ჯახველაძემ.