ილია მეორე ქნესეთის თავმჯდომარეს: ჩვენ ერთი ბედი გვაქვს, ამიტომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ
საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის უძველეს მეგობრულ ურთიერთობაზე, კულტურასა და ისტორიაზე ისაუბრეს.
საქართველოს პატრიარქმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ისრაელთან საქართველოს ურთიერთობა ათასწლეულებს მოიცავს და ქრისტეს შობამდე დაიწყო. პატრიარქის თქმით, საქართველოში ებრაელებმა წმინდა წინასწარმეტყველ ილიას სამოსი ჩამოაბრძანეს. უწმინდესის თქმით, ასწლეულების განმავლობაში საქართველოში ანტისემიტიზმი არასდროს ყოფილა.
“საჭიროა, ითქვას, რომ თქვენი კულტურა, ჩვენი ისტორია ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ბოლო წლებში ებრაელები დაბრუნდნენ წმინდა მიწაზე და საქართველომ ხელი შეუწყო მათ, წასულიყვნენ. ებრაული კულტურა ჩვენთვის ახლობელია. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დაახლოებისთვის. ჩვენ ერთი ბედი გვაქვს, ამიტომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ”, – აღნიშნა პატრიარქმა.
თავის მხრივ, ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ იული ედენშტეინმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობებიც არ ამოიწურება.
“მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი სახელი ბევრისთვის არის ცნობილი საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ხანდახან თანამედროვე მსოფლიოში საუბრობენ სულიერი ლიდერების ნაკლებობაზე. თქვენ ნამდვილად სულიერ ლიდერს განასახიერებთ, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიჰყავს მშვიდობისა და ურთიერთგაგების გზით ძალადობის წინააღმდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ ანტისემიტიზმი საქართველოში პრაქტიკულად არ იციან. ამას აქვს მიზეზები. არის ლიდერების, მათ შორის სულიერი ლიდერების სწორი მიდგომის შედეგი. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალშიც საქართველოში შენარჩუნდება ასეთი დამოკიდებულება ებრაული საზოგადოებისა და რელიგიის მიმართ”, – განაცხადა იული ედელშტეინმა.
მისივე თქმით, ებრაელებს მოუწიათ ისრაელში დაბრუნება იმიტომ, რომ იდევნებოდნენ. საქართველოს შემთხვევაში კი სხვაგვარად იყო. ისინი საქართველოდან წავიდნენ და დარჩნენ საქართველოს პატრიოტებად, წავიდნენ იმის გამო, რომ სურდათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.
მისივე განცხადებით, საქართველოდან წასული ებრაული საზოგადოება არის მეგობრობის დიდი ხიდი ორ ქვეყანას შორის.
“ხუმრობით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს თანამშრომლებს განსაკუთრებით არ უყვართ, როდესაც მათ ეუბნებიან ისრაელში საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობის შესახებ. მათ წარმოდგენა არა აქვთ ჩემმა არცთუ დიდმა ოფისმა როგორ შეიძლება მოიწვიოს საქართველოდან წამოსული ადამიანები, რომელთაც სურთ აუცილებლად დაესწრონ ამ შეხვედრას. ეს ნამდვილად არ არის ხოლმე იოლი და ბევრი გულდაწყვეტილი რჩება. ამას ვამბობ ძალიან თბილი გულითა და დიდი ღიმილით. ეს არცერთ სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ ხდება. მადლობა ღმერთს, ხშირია ვიზიტები და, როგორც თქვენ თქვით, თბილი ურთიერთობები ძალიან ბევრმა შეინარჩუნა”, – აღნიშნა საუბრის ბოლოს ქნესეთის თავმჯდომარემ.