„არ გამოვრიცხავ, მომავალში პარლამენტიდანაც კი ბორკილებით გაიყვანონ ვინმე“

„რუსთავი 2“- თან დაკავშირებით გაჩენილმა პერიპეტიებმა და უკრაინულმა ჩანაწერებმა ზედაპირზე ამოიტანეს და გამოააშკარავეს ის გეგმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნდა. უკვე ყველამ იცის, თუ რა სისხლიან სცენარზე მუშაობდნენ ისინი“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სატელეფონო საუბრებზე კომენტირებისას გააკეთა.

ნუკრი ქანთარია არ გამორიცხავს, რომ, გარდა ამ ჩანაწერებისა, სამართალდამცავებს სხვა ოპერატიული ინფორმაციაც ჰქონდეთ. უმრავლესობის წარმომადგენლისთვის წარმოუდგენელი არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პირდაპირ პარლამენტში დაკავება იქნება. ქანთარია მიიჩნევს, რომ აქცენტი არა ჩანაწერების გავრცელებაზე, არამედ მათ შინაარსზე უნდა გაკეთდეს, რადგან, მისი თქმით, სწორედ ამ ჩანაწერებმა მოახდინა საზოგადოების ინფორმირება, თუ რა გზებით აპირებდა ეს „სექტა“ ხელისუფლებაში მოსვლას.
„ჩანაწერების შინაარსის ნაცვლად, იმაზეა აქცენტი გადატანილი, თუ ვინ დგას მათი გავრცელების უკან. ვინც არ უნდა იდგეს მათ უკან, ამ ჩანაწერებმა გარკვეული პრევენციული როლი შეასრულა. მათ იციან, რომ ისინი ლეგიტიმური გზით ხელისუფლებას ვერ მიუახლოვდებიან. რაც შეეხება ამ ხალხის დაკითხვებზე წარამარა დაბარებას, იმედი მაქვს, რომ მხოლოდ მოდულის შენობაში გასეირნება და იქიდან ძალიან სიამაყით გამოსვლა არ იქნება. გარდა ამ ჩანაწერებისა, ვფიქრობ, სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ ოპერატიული ინფორმაცია. არ გამოვრიცხავ, მომავალში პარლამენტიდანაც კი ბორკილებით გაიყვანონ ვინმე, თუმცა ამას წყალგაუმტარი მტკიცებულებები სჭირდება. ახლა მნიშვნელოვანია, ვინ გაემიჯნება ამ სისხლიან სცენარს და ვინ დარჩება სააკაშვილის სისხლიან ბანდაში.

ჩანაწერების უკან შეიძლება იყოს კალამოისკის ხალხი, უკრაინაში მყოფი სხვა ჯგუფები, რომლებსაც აბსოლუტურად არ ახატიათ გულზე სააკაშვილი და უნდათ, რომ მას გაუწიონ წინააღმდეგობა. ეს შეიძლება იყოს კიდევ „ფე-ეს- ბე“, თუ სხვა…. ამ ჩანაწერებმა მოახდინა საზოგადოების ინფორმირება, თუ რა გზებით აპირებდა ეს სექტა ხელისუფლებაში მოსვლას“,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები