გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ველში აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ქვემო ქართლის რეგიონს სტუმრობდნენ, სადაც ახლადდამონტაჟებული აგრომეტეოროლოგიური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის ხელშეწყობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ველში, რომელიც საირიგაციო ზონას წარმოადგენს, აგრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.
ავტომატური სადგური, ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ნალექების რაოდენობაზე, ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე, ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე მონაცემებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ცენტრს მიაწვდის, რაც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს დროულად მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პროცესების შესახებ.
მიღებული ინფორმაცით, ფერმერები სასოფლო-სამეურნეო კულტურების რწყვის ნორმებისა და ვადების შესახებ რეკომენდაციებს დროულად მიიღებენ.
მსგავსი აგრომეტეოროლოგიური სადგური სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც დამონტაჟდა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.