რა შეზღუდვები დაუწესდებათ თბილისში ტაქსისტებს – თბილისის მერია ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს
თბილისის მერიაში არ იციან, როდიდან და რა ფორმით დაწესდება დედაქალაქში ტაქსებზე ლიცენზია. როგორც “კვირას“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, საკითხზე მუშაობა დაიწყო, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.
მათი განმარტებით, ლიცენზირების თემაზე როგორც მერიის შიდა სამსახურებს, ასევე სხვა შესაბამისი სამსახურებს შორის მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, თუმცა კონკრეტული მექანიზმი, რომელმაც ტაქსების ლიცენზირების საკითხი უნდა მოაგვაროს, ამ ეტაპზე შემუშავებული არ არის.
“მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, კონსულტაციები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი არ არის მოკლევადიანი, კონკრეტული დეტალების დასახელება ნაადრევია“,-აცხადებენ მერიაში.
საცობების პრობლემასთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის გუშინ გამართულ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, აქტიურად მუშაობს, თუმცა დავით ნარმანია ტაქსების ლიცენზირების თემას არ შეხებია.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, გადატვირთული გზები და საცობები ქალაქში გადაადგილებას, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ართულებს. შექმნილი ვითარების ერთ-ერთი მთავრი გამომწვევი მიზეზი კი კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებაა, რაც ბოლო დროს, განსაკუთრებით, გახშირდა. თბილისის მერის განცხადებით, ტენდერებში გამარჯვებულმა რამდენიმე კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები და აღნიშნულ კომპანიებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრებათ.
დედაქალაქის მერის განცხადებითვე, თბილისის ქუჩებში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, ასევე, შემუშავდა დასუფთავების მანქანების გადაადგილების ახალი გეგმა და ცენტრალურ რაიონებში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, დილის 8:30 საათიდან – 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან – 20:30 საათამდე დასუფთავების მანქანები არ იმოძრავებს.