„მერიაში გადაადგილებები მომავალშიც გაგრძელდება“
დედაქალაქის მერიაში არასწორი საკადრო პოლიტიკის შესახებ არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი იზიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გამოსწორებადია. როგორც ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მერიაში საკადრო ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდება. ბაბუნაშვილი მერიის საქმიანობაში საკრებულოს მეტი დოზით ჩართულობაზეც საუბრობს.
„ საკრებულომ მეტი კონტროლი უნდა განვახორციელოთ მერიაზე, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ყველა დანიშვნას, რომელიც აწი იქნება. მე ვფიქრობ, რომ მერიაში გადაადგილებები გაგრძელდება. ნურავის ექნება იმედი, რომ თუ ის მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებს, თავის ადგილზე დარჩება და ვინმე თავზე ხელს გადაუსვამს. ეს უკავშირდება კომპეტენციის პრობლემასაც. როცა ასეთი მაღალი დონის თანამდებობებია, უკვე მომზადებული ადამიანები უნდა მოდიოდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ თავისი ხედვა, რას აპირებენ, ერთი კვირის, ერთი თვის ან ნახევარი წლის შემდეგ“,- აღნიშნა ბაბუნაშვილმა.
საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებისას შერჩეულ ახალ კადრებზეც საუბრობს. ბაბუნაშვილი განსაკუთრებით დედაქალაქის მთავარი არქიტექტორით არის კმაყოფილი. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, დიმიტრი მოსულიშვილი მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორია. ბაბუნაშვილის თქმით, მოსულიშვილმა ქალაქის არქიტექტურის სამსახურის და მთლიანად დედაქალაქის განვითარების საუკეთესო ხედვა წარმოადგინა.
„ ჩვენ ჩავატარეთ კონკურსები იყო ვაკანტური ადგილი არქიტექტურის სამსახურში. კონკურსის მონაწილეები გავწურეთ და შევარჩიეთ საკმაოდ კარგი კანდიდატურები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქალაქის ახალი მთავარი არქიტექტორი დიმიტრი მოსულიშვილი. ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორია. ერთ-ერთი საუკეთესო ხედვა წარმოადგინა ამ სამსახურის და ქალაქის განვითარების შესახებ. ის არქიტექტორთა ასოციაციის პრეზიდენტი და არქიტექტორთა კავშირის წევრია“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
გარდა უკვე შერჩეული კანდიდატებისა, მერიაში რამდენიმე ვაკანტური ადგილი კვლავაც რჩება. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, კანდიდატურებს სხვა ვაკანტურ ადგილებზე მომდევნო კვირაში ელოდებიან. ბაბუნაშვილის თქმით, კანდიდატები ამ დროისთვის აქტიურად კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის და ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობებზე დასანიშნად განიხილებიან. „ მომდევნო კვირაში კანდიდატურებს სხვა ვაკანტურ ადგილებზეც ველოდებით, განსაკუთრებით კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე, რომელიც ყველაზე მეტად ჩანს, როდესაც ქალაქში სამუშაოები წარმოებს, იხილება რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ არ გავახმოვანებ. ვაკანტურია ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაც. აქაც საკრებულოს თავის მოსაზრება აქვს და ვფიქრობ, რომ მერი ამ მოსაზრებას დაეთანხმება. ის საკმაოდ გამოცდილი ადამიანია და არაფრის სწავლა არ სჭირდება“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.