Mercedes-Benz Fashion week Tbilisi – 2015 იწყება

 Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015 დღეს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიხსნება. საღამოს 21:00 საათზე კი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით დაიწყება.
“მოდის კვირეულის დევიზია – “ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად”. ქართველი დიზაინერების ნამუშევრების მსოფლიო ასპარეზზე გასატანად თბილისში ჩამოდიან გავლენიანი ბაიერები – კევენ მაკდერმოტი და მაიკლ რუდოლფი.
შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობაზე დიზაინერები, მოდელები, ბაიერები, ჟურნალისტები და უბრალოდ მაღალი მოდის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან სწორედ თბილისში მოიყრიან თავს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცნობილი ბლოგერი, “მოდის მეფედ” წოდებული ბრაიან ბოი, რომელიც “ნიუ-იორკ პოსტმა” მსოფლიოს ცხრა ინტერნეტვარსკვლავს შორის დაასახელა;
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, მოდის მეტრად წოდებული ნატალი ჯუსი, რომელიც სტილისტობას და მოდის კრიტიკოსობას წარმატებით უთავსებს ბლოგერობასაც. მოდის კვირეულის გასაშუქებლად თბილისს პირველად ეწვევიან ამერიკული, იტალიური, რუსული ვოგის რედაქტორები და ჟურნალისტები, Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015-ს ფართოდ გააშუქებს Marie Claire, “ნიუ-იორკ თაიმსი”, “ელი”, “კოლეზიონი” და სხვა წამყვანი მოდის გამოცემები.
Mercedes-Benz Fashion week – ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. Mercedes-Benz Fashion week-ის ფარგლებში ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებების პარალელურად “თბილისი მოლიში“ წარმოდგენილი იქნება Mercedes-Benz-ის ახალი მოდელები. ამ აქციის მთავარი იდეაც ხომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების, მოდური ტენდენციებისა და აღქმის ჩვენებაა”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, 20 წელია რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2015-ს 9 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები