კახა კალაძე: არცერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს
არცერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექნება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალებები მოაწყოს, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ხელისუფლება ზუსტად ასეთ სახელმწიფოს აშენებს. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება.
“ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, თქვენ რომ შეგეძლოთ თავისუფლად მუშაობა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ზუსტად ეს არის ის მიმართულებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან და რასაც აბსოლუტურად ვეთანხმებით. საქართველო მათი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა და ეს პროცესები, რაც მიდის, თუნდაც “რუსთავი 2”-თან მიმართებაში, თქვენ იცით, რომ დიდი ინტერესია ამ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. გარკვეულ დაჯგუფებებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს სურვილი, ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს, სათავისოდ გამოიყენოს “რუსთავი 2″-ის ჟურნალისტები. ეს მათ ნამდვილად არ გამოუვათ. ჩვენ მოვისმინეთ ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც უკრაინაში გავრცელდა და არცერთ ქინძს, ქინძების პარტიას არ ექება იმის საშუალება, რომ სახელმწიფოში გადატრიალებები მოაწყოს. არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ, ჟურნალისტები ბრმა იარაღად იყოთ გამოყენებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება, ჩაერიოს სასამართლო პროცესებში.
“აბსოლუტურად ვეთანხმებით ყველა იმ განცხადებას, არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს მიმდინარე სასამართლო პროცესებში, არც “ნაციონალურ მოძრაობას”, არც გარკვეულ დაჯგუფებებს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და სასამართლო პროცესები, ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება”, – განაცხადა კალაძემ.