„გიორგობიანი სამეცნიერო კვლევებს გააგრძელებს, არეშიძე კი ბიზნესში მიდის“
თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. ბაბუნაშვილის განმარტებით, არეშიძემ და გიორგობიანმა პოსტები საკუთარი სურვილით დატოვეს, ერთი საჯარო სამსახურიდან ბიზნესში, მეორე კი სამეცნიერო კვლევებში გადაინაცვლებს.
„არეშიძემ და გიორგობიანმა პოსტები საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს. ბატონი ბიძინა გიორგობიანი დოქტორია და მას სამეცნიერო კვლევები აქვს დაგეგმილი, ის ამ კუთხით აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება არეშიძეს, ის ძალიან ნიჭიერი კაცია, მან რამდენიმე ძალიან წარმატებული პროექტი განახორციელა და ვიცი, რომ ბიზნესში მიდის. ორივე მათგანს წარმატებებს ვუსურვებ. დედაქალაქის მერიასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხებზე, კონსულტაციები დაწყებულია და კანდიდატურები ალბათ უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა თანამდებობები გუშინ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.