„ლიტვა არის ძალიან მქუხარე მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიტვა ისტორიულად საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანაა, რომელიც განუხრელად ემხრობა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ბოლო ფაზაზე კი მხარდამჭერი ქვეყნების მობილიზება ძალზედ მნიშვნელოვანია.
“ჩვენ ველოდებით ვიზა- ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ დასკვნას და შემდეგ უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამ პროცესში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზება, განსაკუთრებით ისეთი მეგობარი ქვეყნების, როგორიც ლიტვაა. მოგეხსენებათ, ლიტვა არის ძალიან მქუხარე მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის. ვიზიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ამაზე მიმდინარეობს საუბარი. განვიხილავთ ასევე იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაშიც ლიტვა დიდ დახმარებას გვიწევს. საუბარია ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლის ერთ-ერთი შედეგი იქნება პირველი სამთავრობათშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, სადაც ხელი მოეწერება სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ორწლიანი თანამშრომლობის გეგმას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.