გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა განვიხილოთ აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან რეინტეგრაციის სხვადასხვა შესაძლებლობა
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს და იმსჯელოს სხვადასხვა შესაძლებლობაზე, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან იქნება დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ლიტვაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის გუშინდელ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
“ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვიფიქროთ სხვადასხვა გზაზე, თუ როგორ მოვახდინოთ დანარჩენ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფოში აფხაზი ხალხის რეინტეგრაცია, აფხაზეთის რეინტეგრაცია და ამისთვის სხვადასხვა შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მზად არის, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. შესაბამისი განცხადება ზაქარეიშვილმა გუშინ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას გააკეთა.