დავით ბაქრაძე პოლონეთში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პოლონეთში გაემგზავრა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე მონაწილეობას მიიღებს 5-6 ნოემბერს დაგეგმილ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მუშაობაში. სახელმწიფო მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების შესახებ ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოვა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საგარეო გამომწვევებზე, საფრთხეებსა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.
აპარატის ცნობით, ფორუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია დავით ბაქრაძის ორმხრივი შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის, პოლონური დიასპორისა და განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონრად პავლიკთან. აპარატის ინფორმაციით, პოლონეთიდან სახელმწიფო მინისტრი ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. დავით ბაქრაძე მონაწილეობას მიიღებს რიგის 2015 წლის კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაში: “რა დაეხმარება საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში?” (What Will Bring Moldova and Georgia Closer to the EU?).
უწყების ინფორმაციით, რიგის კონფერენცია ლატვიის დედაქალაქში 2006 წლიდან იმართება. ღონისძიებაში ყოველწლიურად ევროპის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების ექსპერტები, აკადემიური წრეების, მედიის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.
ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრა რიგის ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის სრულყოფის ცენტრის (Center of Excellence) დირექტორთან იანის სარტსთან.
შეხვედრაზე მხარეები სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები