კახა კახიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. იან კელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირველად სტუმრობდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.
კახა კახიშვილმა ელჩს მასშტაბური რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე ღონისძიებების და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან განსაკუთრებული ყურადღება მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე, რისკების მიხედვით კლასიფიკაციასა და გადანაწილებაზე გაამახვილა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს. მისი თქმით, სწორედ აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში და ამერიკის დახმარებით გაიხსნა მე-16 დაბალი რისკის დაწესებულება, სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები კი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლეს, რაც რეფორმის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„აშშ პენიტენციური სისტემის რეფორმის განხორციელებაში აქტიურად გვიჭერს მხარს, შესაბამისად, ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე ამ რეფორმის გაგრძელებაზე ვისაუბრეთ. აღვნიშნეთ ის დახმარება, რომელსაც აშშ უწევს ამ კუთხით საქართველოს და ხაზი გავუსვით მომავალ თანამშრომლობას. მაგალითად შემიძლია დავასახელო მე-16 დაწესებულება, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარებით გაიხსნა. ერთის მხრივ, ამ თანამშრომლობას გაფრთხილება, მეორეს მხრივ კი, გაღრმავება სჭირდება. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან სამომავლო პროექტებზეც“, – განაცხადა კახა კახიშვილმა. ელჩმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმა პოზიტიურად შეაფასა და მის გაგრძელებაზე ისაუბრა.
„პენიტენციური სისტემის მასშტაბური რეფორმა მოკლე დროში წარმატებით განხორციელდა, რისთვისაც ნამდვილად შექებას იმსახურებთ. ასევე, ჩვენი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია მე-16 დაწესებულების გახსნა, რაც ძალიან გვახარებს და იმედი მაქვს, ყველა სხვა პროექტი, რომელსაც ერთად ვგეგმავთ, ასეთივე პროდუქტიული იქნება. რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციებს, ის იმ პოზიტიური რეფორმების გაგრძელებას ეხებოდა, რომელსაც სამინიტრო ახორციელებს. ასევე, თანამშრომლობის გაღრმავებას მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები. გარდა ამისა, შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელსაც მინისტრი სისტემის რეფორმირების პროცესში აწყდება“, – განაცხადა იან კელიმ და კახა კახიშვილს მომავალ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტი უსურვა. კახა კახიშვილმა აშშ-ს ელჩს და აშშ-ს მთავრობას დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ იან კელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არქივს დაათვალიერებს, რომელშიც უნიკალური მასალებია დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები