გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღეს ულოცავს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღეს ულოცავს და მადლობას უხდის მათ ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
დღევანდელ წინააღმდეგობებითა და ცვლილებებით აღსავსე მსოფლიოში, დიპლომატების ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი საგარეო პირობები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ეკონომიკური წინსვლისა და თითოეული მოქალაქის ინტერსების დაცვისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ულოცავს დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს და მათ ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. 3 ნოემბერს საქართველოში დიპლომატის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წლის 1 ნოემბერს, პრეზიდენტის N477 ბრძანებულების საფუძველზე დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.