კახეთში 9 წლის ბავშვი თანაკლასელმა მოკლა – რას აცხადებენ მეზობლები

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში დაღუპული 9 წლის მოზარდის თანასოფლელების ინფორმაციით, ბავშვი კლასელებთან იმყოფებოდა, როცა ერთ-ერთ მოზარდს თოფი შემთხვევით გაუვარდა და თანაკლასელი დაჭრა. ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
“ეტყობა, კისტის თოფით ხუმრობდნენ და ბავშვს გაუვარდა თოფი და მუცლის არეში დაიჭრა. არტერია გაწყვიტა, თირკმელი გაიარა და ხერხემალთან გაჩერდა“, -აცხადებს სოფელ ჩალაუბნის მკვიდრი.
ამავე სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ ბავშვების ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
“ორივე ჩვენი სკოლის მოსწავლეა, ბექა ჩვენთან სწავლობს და ლუკა ამ სასწავლო წელს გადმოვიდა თბილისის სკოლიდან, არცერთზე ცუდის თქმა არ შეგვიძლია. ოჯახებიც ახლოს ცხოვრობენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ “, -აცხადებს სოფელ ჩალაუბნის მაცხოვრებელი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები