ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა
საქართველოსა და ლიტვის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობა და ორი ქვეყნის განსაკუთრებული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტვის მიღწევები საქართველოსთვის სამაგალითოა და ლიტველი კოლეგების მიერ გაზიარებული ცოდნა და უნარები საქართველოს ხელისუფლებას ძლიერი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში ეხმარება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ურყევ მხარდაჭერაზე, რომელსაც ლიტვის საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აფიქსირებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე მიუთითებს ლიტვის სეიმის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 2014 წელს, რიგგარეშე სხდომაზე რატიფიცირება.
მხარეებმა საქართველო-ლიტვის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის ჯგუფების საქმიანობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს.