საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს და მადლობას უხდის მათ ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წლის 1 ნოემბერს, პრეზიდენტის N477 ბრძანებულების საფუძველზე დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
“დღევანდელ წინააღმდეგობებითა და ცვლილებებით აღსავსე მსოფლიოში, დიპლომატების ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი საგარეო პირობები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ეკონომიკური წინსვლისა და თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ულოცავს დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს და მათ წარმატებასა და ქვეყნის მრავალწლიანი დიპლომატიური ტრადიციების დაცვასა და ერთგულებას უსურვებს“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.