მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა ჯოკია ბოდოკიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განმარტებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბრალდებული, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში დაიკითხა ბრალდების მხარის 19 მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, ასევე გამოკვლეული იქნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელთა ანალიზით უტყუარად დადგინდა, რომ, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში ჯოკია ბოდოკიას დაუკავშირდა შპს „დარიოუშის“ წარმომადგენელი ნათია მახარაშვილი, რომელმაც სთხოვა კონსულტაციის გაწევა ქ.თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩა #32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით. ჯოკია ბოდოკია ნათია მახარაშვილს დაპირდა, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებაში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე, მშენებლობის პროცესში წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით საერთო ჯამში მოსთხოვა 181 500 აშშ დოლარი.
2015 წლის 11 თებერვალს კაფე „დავიდოვში“ ჯოკია ბოდოკიამ ნათია მახარაშვილს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც დაკავებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე,, ქვეპუნქტით. ჯოკია ბოდოკიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და სხვა პირთა ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.