ეყოლება თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოადგილეები – მინისტრის დაპირება მოსამართლეებს
„იუსტიციის მინისტრთან მოსამართლეთა შეხვედრისას მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მთელი რიგი ის ცვლილებები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივა იყო, ამოღებული იქნება“,- ამის შესახებ შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ არ დაკმაყოფილდეს ნინო გვენეტაძის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის მოადგილის პოსტი უქმდება.
„საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები სასამართლოს ნორმალურ განვითარებას ეწინააღმდეგება. საუბარია იმაზე, უნდა ჰყავდეს თუ არა მოადგილეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რაზეც მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობს ქვეყანა და სასამართლო, სადაც მოადგილეები არ ჰყავდეს თავმჯდომარეს. იუსტიციის მინისტრისგან ამაზე მივიღეთ პირობა, რომ ეს შეიცვლება და გათვალისწინებული იქნება. ვერ ვხვდები ლოგიკას, რატომ არ უნდა ჰყავდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოადგილეები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავდა სამი მოადგილე, ეს ინსტიტუტი უნდა დარჩეს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.