აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, იმუშავოს ევროკავშირთან ერთად “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” ხელშეკრულების სწრაფი იმპლემენტაციის მიზნით
“ამერიკელმა თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად და მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობას, გაწონასწორებული რეაქციისთვის რუსული პროვიკაციების საპასუხოდ“, -ნათქვამია განცხადებაში.
კომისია მიესალმება საქართველოს მზარდ ეკონომიკურ როლს რეგიონში და კიდევ ერთხელ ადასტურებს თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამხრეთის დერეფნის მშენებლობის დასრულებისა და საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების შემდგომი განვითარების გზით.
“აშშ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის, გარემოს, ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროებში”, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რაც შეეხება დემოკრატიის სფეროში არსებულ მდგომარეობას, კომისია დადებითად აფასებს საქართველოს რეფორმებს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით დამატებითი ძალისხმევა გააძლიერებს ეკონომიკას, დემოკრატიასა და სასამართლო უზენაესობას. “მხარეებმა იმსჯელეს ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის სამართლიანი, თანაბარი და კონკურენტუნარიანი გარემოს აუცილებლობაზე 2016 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს და მის შემდეგ და შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ღია, პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიასფეროს შენარჩუნება. მხარეებმა ასევე დაადასტურეს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობა”, – ნათქვამია განცხადებაში. მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე. ამასთან, აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.
“ამერიკული მხარე მიესალმა აშშ-საქართველოს თანამშრომლობას საქართველოს საზღვრების გაძლიერების კუთხით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში რეფორმების გატარების გაგრძელება, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვის მიზნით.
აშშ-მ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ავღანეთში აისაფისა და “მტკიცე მხარდაჭერის” მისიებში შეტანილი წვლილისთვის და გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისადმი ერთგულებისთვის, და პატივი მიაგო იმ ერთობლივ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა ჯარისკაცებმა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად გაიღეს. აშშ-მ მაღალი შეფასება მისცა იმას, თუ როგორ ზრუნავს საქართველო დაჭრილ სამხედროებზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ამ ძალისხმევის მხარდაჭერას”, – ნათქვამია განცხადებაში. აშშ-მ და საქართველომ ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საჭიროა თანამშრომლობა მონიტორინგისა და რეაგირების კუთხით, საქართველოში რუსეთის მიერ დაფინანსებულ აქტივობებზე საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები