კახა კალაძემ მისი ცოლისძმის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მედიისგან შეიტყო – პირველად მესმის
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მისი ცოლისძმის – გიორგი არეშიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მედიისგან შეიტყო და დადებითად შეაფასა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“პირველად მესმის. დღეს დატოვა თანამდებობა?… სამსახურებრივად, ვფიქრობ, მისი მუშაობა წარმატებული იყო. პროექტები, რომლებიც მან განახორციელა ახალგაზრდებთან ერთად, მისასალმებელია, თუმცა რადგან მიზანმიმართულად იყო გარკვეული აჟიოტაჟი ატეხილი კონკრეტული დაჯგუფებების მხრიდან, ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. ის ძალიან ენერგიული ადამიანია და მიზნებს, რომლებიც ჰქონდა, აუცილებლად მიაღწევს”, – განაცხადა კალაძემ.
გიორგი არეშიძე მერიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა.