პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთი შეშფოთებულია ქართველების, აფხაზების და ოსების დაახლოების ტენდენციით
სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი შეშფოთებულია ქართულ-აფხაზური თუ ქართულ- ოსური საზოგადოების დაახლოების ტენდენციით. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ-აფხაზულ თუ ქართულ- ოსურ საზოგადოებაში დაახლოების ტენდენცია იგრძნობა და ამ კუთხით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა.
ამასთან, ზაქარეიშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში გატარდა რეფორმები და ამ რეფორმებში უნდა აღინიშნოს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები.
„აფხაზური და ოსური საზოგადოება ცალსახად და მკაფიოდ ელოდებიან, რამდენად წარმატებული იქნება საქართველო ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციით, იმიტომ, რომ მათ დღეს აქვთ მკაფიო და ცალსახა რუსული პოლიტიკა. საქართველოს შეუქცევადმა ნაბიჯებმა ევროპული ღირებულებებისაკენ გამოიწვია სწორედ რუსეთის ახალი რეაქცია, რაც აშკარად ანალიზს ექვემდებარება. ეს ეხება არა მარტო უკანონო ხელშეკრულებებზე მუშაობას და ხელმოწერას, არამედ – მავთულხლართებს და სხვა მიმართულებებს. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი შეშფოთებულია იმ დაახლოების ტენდენციით, რაც იგრძნობა ქართულ- აფხაზურ თუ ქართულ – ოსურ საზოგადოებებში. ეს ნამდვილად არის და ჩვენ მართლა მოვახერხეთ ურთიერთობებში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.