„საკონსტიტუციო სასამართლო ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესებს ემსახურება“
დეპუტატი გუგული მაღრაძე საკონსტიტუციო სასამართლოს აკრიტიკებს და მის მიკერძოებულობაზე საუბრობს. როგორც მმართველი გუნდის წევრმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესებს ემსახურება.
დეპუტატს საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობაში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებიც არწმუნებს. მაღრაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თვეობით ედო საქმეები, დღეს კი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე საათში ხდება.
„ ჩვენ უნდა მივიღოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად, მოგვწონს ის თუ არა. ბევრი ისეთი გადაწყვეტილება იყო გამოტანილი ბოლო წლებში, რომელიც ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მისაღები არ იყო, მაგრამ ჩვენ დავემორჩილეთ ამას. დავემორჩილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ახლაც ვემორჩილებით, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულნი ვართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ობიექტური, იმის მაგივრად, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლის და კონსტიტუციის დამცველი იყოს, ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესებს ემსახურება. ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები პირდაპირ მიუთითებს ამას.
საკონსტიტუციო სასამართლოს თვეობით ედო ხოლმე საქმეები, დღეს კი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება რამდენიმე საათში ხდება. თუმცა მათ გასაგონად, ვინც თვლის, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვეს, ვიტყვი, ამით ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება. მე, მაგალითად, დარწმუნებულიც ვიყავი, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება არ იქნებოდა გამოტანილი, რათა მეორე მხარეს იმის დაბრალების შესაძლებლობა არ ჰქონოდა, რომ მათ ყველა სამართლებრივი ინსტანცია ვერ გაიარეს“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.