ნიკა გვარამია დღეს დაკითხვაზეა დაბარებული
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სუს-ის წარმომადგენლები ტელევიზიის ოფისში მივიდნენ და არხის ხელმძღვანელს უწყება ჩააბარეს. გვარამიას დღეს, 12:00 საათზე დაჰკითხავენ.
საქმე ეხება უკრაინული ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ერთმანეთს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ესაუბრებიან.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.