ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის იურისტები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც ტელეკომპანიის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ისინი მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ და მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„დღეს მოხდა ზუსტად ის, რასაც ელოდნენ. თამაზ ურთმელიძე მოსამართლე არ არის, ის აუცილებლად აგებს პასუხს იმისთვის, რაც დღეს გააკეთა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ადრე თუ გვიან გამოაშკარავდება ის კომუნიკაცია, ის ყველაფერი, რაც მასსა და ხელისუფლებას შორის, რაც ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველსა და მოსამართლეს შორის იყო ამ შედეგების დადგომისთვის”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
მისივე განცხადებით, მოხდა იმ გარიგებების გაბათილება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა გაყიდა თავისი წილი 10 წლის წინ და დღევანდელი მესაკუთრეები, რომელთაც მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, ამოიშალნენ რეესტრიდან, როგორც მესაკუთრეები და ქიბარ ხალვაშის, როგორც მესაკუთრის გაფორმება მოხდა.
“ცხადია, ჩვენ ამ სასამართლო გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, გამოვიყენებთ ყველა პროცედურულ ნორმას, რომ ეს დიქტატურა, ეს სიბნელე, ეს უკანონობა და უსამართლობა დავამარცხოთ. დარბაზში იმყოფებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლები. მე დარწმუნებული ვარ, ამით დაიწყება საქართველოს შემდგომი იზოლაცია “, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, ბიბილაშვილის განმარტებით, ქიბარ ხალვაშს მოუწევს დაელოდოს ამ საქმის სრულად დასრულებას.
“საუბარია სააპელაციო, შემდეგ საკასაციო ეტაპზე. შემდეგ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულება”, – აღნიშნა ბიბილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები