„მიხეილ სააკაშვილი, როგორც ოდესის გუბერნატორი“ – American Diplomacy ექსპრეზიდენტს ცხინვალზე თავდასხმაში ადანაშაულებს

გამოცემა American Diplomacy საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია როგორც საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ასევე ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე მისი საქმიანობა.
როგორც სტატიის ავტორი, ინდიანას უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორი დიმიტრი შლაპენტოხი წერს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური ისტორია ერთმანეთს ჰგავს, თუმცა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ბედი საკმაოდ უცნაურია. ის პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე პატარა საქართველოს ქარიზმატული და პოპულარული ლიდერი იყო, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება დაკარგა და გარიყულად იქცა. მოგვიანებით კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის გამო უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე.
სტატიაში წერია, რომ დღევანდელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესის ოლქის გუბერნატორია, განსხვავდება იმ მიხეილ სააკაშვილისაგან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო, თუმცა მათ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აერთიანებთ: ორივე ფიქრობს, რომ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება „ცუდი ადამიანის“ „კარგი ადამიანით“ ჩანაცვლების გზით.
როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, რომლებიც სსრკ-ს ბოლო წლებში ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდნენ, საქართველოშიც ფიქრობდნენ, რომ კრიზისის მიზეზი მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო და თუ ქვეყანა დამოუკიდებელი გახდებოდა, ყველა პრობლემა თავისით გადაწყდებოდა.
„სამწუხაროდ, შედეგი სრულიად საწინააღმდეგო აღმოჩნდა, – წერს დიმიტრი შლაპენტოხი, – საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ეკონომიკური დაცემის, სამოქალაქო ომისა და ეთნიკური დაპირისპირების ადგილი გახდა. ის მოსაზრება, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა „ერთ კარგ ადამიანს“ შეუძლია, საქართველოში კიდევ უფრო განმტკიცდა. ამ იდეის ფონზე საბოლოო ჯამში ე.წ. ვარდების რევოლუციის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა“.
სტატიაში წერია, რომ, ერთი შეხედვით, სააკაშვილი საქართველოს სხვა წინა ლიდერებისაგან გამორჩეული ჩანდა: განათლება მან კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო, კარგად ფლობდა უცხო ენებს, მეუღლე ჰოლანდიელი ჰყავდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს მმართველ კლანებთან. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთის ვექტორი აირჩია და გარდამავალი საზოგადოების ჩამოყალიბებას ცდილობდა. მის ერთ-ერთ მიზანს კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენდა, საქართველო ხომ ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველაზე კორუმპირებული რესპუბლიკა იყო. კორიფციასთან ბრძოლაში სააკაშვილმა საკმაო წარმატებებს მიაღწია. ამას ისინიც კი აღიარებენ, ვინც მისი თაყვანისმცემლები არ არიან. პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ყველა მაღალჩინოსანი პრივილეგირებული „კასტის“ წევრივით კი არა, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქესავით მოქცეულიყო. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციულ პოლიტიკას ქართველთა უმეტესობა მოწონებით შეხვდა, ამ კურსმა საქართველოს ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა მაინც ვერ შეძლო. საქმე ისაა, რომ საბჭოთა ეპოქის დროინდელი საქართველოს აყვავების მიზეზი რუსეთი იყო: იქ ქართული ხილი, განსაკუთრებით კი ციტრუსები, ასევე ჩაი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ როგორც კი რუსეთთან კავშირები შესუსტდა, ქართული პროდუქციის გასაღების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიზღუდა. „2008 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის თავდასხმამ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალები იმყოფებოდნენ, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და, საბოლოო ჯამში, რუსეთთან ომი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ნეოკონსერვატორები თბილისს მხარს უჭერდნენ, საქართველო ამ ომის დროს ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე დარჩა და ომში დამარცხდა. აშშ-ის ინერტულობით მიხეილ სააკაშვილი შეურაცხყოფილი იყო, რადგან მან წინა წლებში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯორჯ ბუშის სახელი დაარქვა, რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიოში ერთადერთი ქუჩაა ასეთი სახელწოდებით“, – წერს დიმიტრი შლაპენტოხი.
სტატიაში ასევე წერია, რომ ვაშინგტონის მოქმედებით განაწყენებული მიხეილ სააკაშვილი ირანისაკენ შებრუნდა და თეირანთან ურთიერთობები გაააქტიურა. მან თბილისში მიიწვია ირანის მაშინდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმედინეჯადი, რომელიც აშშ-ის მოსისხლე მტერი იყო. ყოველივე ამას თან დაერთო ეკონომიკური პრობლემები და მოსახლეობაში მიხეილ სააკაშვილის პოპულარობამ სწრაფად იკლო: საზოგადოებაში ის უკვე არა პროდასავლელ მხსნელად, არამედ გარყვნილებისა და ტირანიის სიმბოლოდ აღიქმებოდა. როდესაც 2012 წლის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტია დამარცხდა, ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დაიწყო. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ბედი არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერების პოლიტიკური სიკვდილისაგან, რომ არა უკრაინა.
საქართველოს მსგავსად, უკრაინაც ილუზიებში იმყოფებოდა – კიევს ეგონა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აყვავებულ ქვეყნად გადაიქცეოდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. უკრაინელებიც ქართველებივით ფიქრობდნენ, რომ „კარგ პრეზიდენტს“ აირჩევდნენ და სიტუაცია გამოსწორდებოდა, პრობლემები მოგვარდებოდა. ამიტომ, უკრაინაშიც, საქართველოს მსგავსად, რეჟიმები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა. კიევში დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ კორუფციაა ყველა პრობლემის მიზეზი. უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელიც ხელისუფლებაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ტალღაზე მოვიდა, მიაჩნია, რომ თუ მთავრობაში, ადგილობრივი სპეციალისტების ნაცვლად, უცხოელებს, უმეტესად დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს დაასაქმებს, ამით კორუფციასთან ბრძოლის საკითხში სიტუაციას გამოასწორებს. მიხეილ სააკაშვილი ერთ – ერთი ასეთი იყო. საქართველოს ექსპრეზიდენტის სტატუსის შეცვლამ ოდესის ოლქის გუბერნატორის სტატუსით, მას საქართველოს მოქალაქეობა დააკარგინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ, მსოფლიოშიც. „შეიძლება ვიფიქროთ, რომ სააკაშვილი კორუფციას თუ არ მოსპობს, შეამცირებს მაინც, მაგრამ ძალიან საჭვოა, რომ ამით ოდესის ოლქში და, ზოგადად, უკრაინაში ეკონომიკური ვითარება გამოსწორდეს. ეს კი იქნება მსოფლიოში და კერძოდ, ევროპაში მიმდინარე არასტაბილური ეკონომიკური პროცესების გამოხატულება, რასაც პოლიტიკური შედეგები მოყვება. აშკარაა, რომ ამაზე არ უფიქრია იმათ, ვინც საბჭოთა იმპერიას ანგრევდა“, – წერს დიმიტრი შლაპენტოხი.

წყარო: http://www.unc.edu/depts/diplomat/item/2015/0912/op/op10shlapentokh_odessa.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები