ცეკა-ს და ალკკ-ს წევრებს სახელმწიფო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავების უფლება მიეცათ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრებს, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებს, ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავების უფლება მისცა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე “ნოდარ მუმლაური – საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (N560) გადაწყვეტილება გამოიტანა.
როგორც სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ საქმეზე, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა საქართველოს კანონის “თავისუფლების ქარტიის” მე-9 მუხლის პირველი პუნქტის “გ” და “დ” ქვეპუნქტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 და 29-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
“სადავო ნორმების თანახმად, ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრებს, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებს, ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრებს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ეკრძალებოდათ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში თანამდებობის დაკავება. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის და მათ მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჩამორთმევა, მათი არა სამართლის სუბიექტებად, არამედ სამართლის ობიექტებად განხილვის ტოლფასია, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის ღირსების უფლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები