ილიაუნი “თვითმკვლელი ღვთისმშობლის” ნახატთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საგანგებო განცხადებით პასუხობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენაზე განთავსებულ “თვითმკვლელი ღვთიმსშობლის” ნახატთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა.
როგორც საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან.
“2015 წლის 2 ნოემბერს გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, რომელიც ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 ოქტომბერს ჩატარებულ კონფერენციასა და მის ვიზუალურ მასალას. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების თანახმად, ვალდებულია უზრუნველყოს პროფესორის აკადემიური თავისუფლება, რაც გულისხმობს მეცნიერული ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საზოგადოებას არასოდეს ჰქონია ვინმეს შეურაცხყოფისა და სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევის განზრახვა;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან”,-აცხადებენ უნივერსიტეტში. როგორც უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ისინი ვინც თვლის, რომ მათი უფლებები დაირღვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციით, აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შესაბამის სამართლებრივ გზებს”, – ნათქვამია “ილიაუნის” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქომ ილიაუნიში გამოფენილ ნახატთან დაკავშირებით “თვითმკვლელი ღვთისმშობელი” საგანგებო განცხადება გაავრცელა. ე.წ. თვითმკვლელ ღვთისმშობლის ნახატს საპატრიარქო მკრეხელობად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ნახატი სუიციდის პროპაგანდას წარმოადგენს.