თბილისში, ბარათაშვილის ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისში ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია გრძელდება. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ბარათაშვილის ხიდის სავალი და საფეხმავლო ნაწილის შეცვლასა და ნაგებობის ქვეშ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციას.
აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, გაკეთდება ჰიდროიზოლაცია, მოეწყობა ახალი ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
ბარათაშვილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებს, ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
ბარათაშვილის ხიდის კვლევა-გამოცდა 2013 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა ხიდსაცდელმა ცენტრმა ჩაატარა. ნაგებობის გამოცდის შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია (ბურჯები და მალის ნაშენი) კარგ მდგომარეობაშია, შესაცვლელია ნაგებობის სავალი ნაწილი, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60–იან წლებში აშენდა. ნაგებობამ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია ჩაანაცვლა. აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.