ეკა გიგაური: სააკაშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს არაფრად აგდებს და ისე ლაპარაკობს სისხლისღვრაზე თითქოს არაფერია

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური დღევანდელ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს არაფრად აგდებს და თუ დასჭირდა ყველას “გააყრევინებს სამსახურიდან”, – ამის შესახებ გიგაური ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
“მოკლედ ამ და წინა ჩანაწერებიდან გავიგეთ შემდეგი (რაც პრინციპში ვიცოდით კიდეც):

 ოდესის გუბერნატორი ინსტრუქციებს აძლევს თავისი ყოფილი პარტიის ლიდერებს და მედია საშუალების დირექტორს, და ისინი რომც არ ეთანხმებოდნენ უარს არაფერზე არ ეუბნებიან. ნუ ეს ბელადომანია ზოგადად ვერ მოვიცილეთ.

ოდესის გუბერნატორი “რუსთავი 2” -ის ჟურნალისტებს არაფრად არ აგდებს და თუ დასჭირდა ყველას გააყრევინებს სამსახურიდან. ნუ ყველას გვახსოვს ადრე როგორ “ზრუნავდა” საქართველოში პლურალისტურ მედია გარემოზე და ახლაც ხომ ეს ყველაფერი ძალიან “ადარდებს”.

ოდესის გუბერნატორი ისე ლაპარაკობს სისხლისღვრაზე თითქოს არც არაფერია, ეტყობა ძალიან “ნერვიულობს” დესტაბილიზაციაზე”, – წერს გიგაური და სტატუსის ბოლოს, “მათთვის ვინც იწერს და ავრცელებს და იმათთვისაც, ვინც ლაპარაკობს”,  აბრაამ ლინკოლნის ფრაზას იშველიებს: “ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული”, – აღნიშნავს გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები