დავით დონდუა ეუთოში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ეუთოში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
2008 წლის ივლისის შემდგომ, ეს არის ეუთოში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის პირველი ვიზიტი საქართველოში.
შეხვედრაზე ყურადღება ე.წ. ბორდერიზაციისა და რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერის საკითხებზე გამახვილდა.
ქართულმა მახარებ აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა დაინტერესება, გაიზარდოს ეუთოს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, მათ შორის, საქართველოში ეუთოს სრულფასოვანი მისიის აღდგენის გზით, რაც რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ვერ ხერხდება.
დავით დონდუა მიესალმა ეუთოს, როგორც თანათავმჯდომარის მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში. საუბრისას, ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების საპასუხოდ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. ასევე აღინიშნა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის მნიშვნელობა.
ეუთოში მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფი საქართველოში 4 ნოემბრამდე დარჩება და ამ პერიოდში გამართავს შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან; პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, დაგეგმილია მათი შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებთან, სახალხო დამცველთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები გაემგზავრებიან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში და პირადად შეძლებენ ადგილზე არსებული ვითარების შეფასებას. მუდმივი წარმომადგენლები ასევე ეწვევიან წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებას.