საქართველომ სეიშელის რესპუბლიკასთან საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი

მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში, 29 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა და სეიშელის რესპუბლიკის შემოსავლების კომისიის კომისარმა ჟორჟეტ კაპრიჩიოზემ ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას.
29-30 ოქტომბერს ბარბადოსის დედაქალაქი ბრიჯტანმა უმასპინძლა გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის რიგით მე-8 პლენარულ სესიას. პლენარული სესია გლობალური ფორუმის გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც აერთიანებს 129 სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, (რომელიც გლობალური ფორუმის წევრია 2011 წლიდან) და ათამდე საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის, ევროკოკავშირსა და გაეროს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი. პლენარული სესიის მსვლელობისას დელეგატებმა მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, როგორიც არის ე.წ. „შავი სიების“ რეგულირების საკითხი, საფინანსო ინფორმაციის გაცვლის გლობალური სტანდარტის დანერგივსა და იმპლემენტაციის ხელშეწყობა, ასევე განიხილეს და დაამტკიცეს გლობალური ფორუმის ახალი მანდატი და საელმწიფოთა შეფასებების მეორე რაუნდის წესები და მეთოდოლოგია.
აღნიშნული შეთანხმება პირველი სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის გაფორმდა საგადასახადო მიმართულებით და ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის საკითხებში, რათა გაუმჯობესდეს საგადასახადო გამჭვირვალეობა და საგადასახადო კანონმდებლობის ადმინისტრირება. აღნიშნული შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა საქართველოსა და სეიშელის რესპულბიკას შორის მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლისთვის, ისევე როგორც გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესაძლებლობას და მხარეებს შორის შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენაბასთან დაკავშირებით წარმოშობილი სირთულეების ურთიერთშეთანხმების პროცედურების გზით მოგვარების შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები